воскресенье, 4 июля 2010 г.

ცრემლი ცრემლი ცრემლი

ცრემლები მუდმივად გამომუშავდება მცირე ჯირკვლების მეშვეობით, რომლებიც თვალის ზედა გარეთა კუთხეშია განლაგებული. ადამიანი თვალს წუთში 10-15-ჯერ ახამხამებს. თვალის კაკალი აფსკის ფენით იფარება, რომელიც მას მტვრის, ინფექციების, ძლიერი ქარისა და ცივი ჰაერისგან იცავს. დღეში - 4000 წვეთი, მთელი ცხოვრების მანძილზე კი დაახლოებით 70 ლიტრი ცრემლის სითხე გამოიყოფა.
თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების დროს რეფლექტორული ცრემლდენა ძლიერდება. სულ სხვა საქმეა ემოციური ცრემლი. შემადგენლობის თვალსაზრისით არის თუ არა რაიმე განსხვავება ემოციურ და რეფლექტორულ ცრემლებს შორის? ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესდა მინეაპოლისელი (აშშ) მეცნიერი, ბიოქიმიკოსი უილიამ ფრეი.

ცრემლები - ტკივილგამაყუჩებელი

ფრეიმ და მისმა კოლეგამ ცრემლების კვლევას თავიანთი ცხოვრების 20 წელი მიუძღვნეს. რეფლექტორული ცრემლების გამოკვლევა რთული საქმე არ არის, საკმარისი იყო მოხალისეებს ხახვი დაეჭრათ, მაგრამ ემოციური ცრემლების "გამოწურვა" ძალიან ძნელი აღმოჩნდა.

გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ემოციურ ცრემლებში 20 პროცენტით მეტი ცილაა, ვიდრე რეფლექტორულში, მეორეც, ისინი შეიცავს ენდორფინებს, მორფინის მსგავს ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას. ამიტომ ცრემლები ფიზიკურ ტანჯვას ამსუბუქებს. მათში არის ანტიბაქტერიული ფერმენტი - ლიზოციმი. ცრემლის კიდევ ერთი შემადგენელია პროლაქტინი, ჰორმონი, რომელიც სარძევე და საცრემლე ჯირკვლების მოქმედებას სტიმულს აძლევს და კარგ ფსიქიკურ გუნება-განწყობას უზრუნველყოფს. ფრეის გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ ცრემლები ორგანიზმის დამცავი რეაქციაა სტრესსა და ტკივილზე.

ცრემლების მეორე მკვლევარი, ფსიქოლოგი არტურ ჯეინოვი წერს: "ტირილი არა მხოლოდ ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ დაავადებებსაც კურნავს. თავს ვუკრძალავთ თავისუფლება მივცეთ ემოციებს, ვყლაპავთ ცრემლებს. ამის გამო შემდეგში ნევროზსა და დეპრესიას ვიმკით. მოკლედ, რაც მეტი ცრემლია, მით მეტი სიმსუბუქეა". თუ პაციენტს ცრემლები სდის, ე.ი. კრიზისი დაძლეულია და რაღაც მომენტში კათარზისი დადგა. ხშირად ნაღველს ვერაფრით მოერევი, თუ არა ცრემლებით - ამბობენ ფსიქოთერაპევტები.

ცრემლების ენა

ავსტრიელმა ფსიქოთერაპევტმა ჯეფრი კოტლერმა ცრემლებს მიუძღვნა წიგნი "ცრემლების ენა". მასში ის აღწერს სხვადასხვა პარადოქსულ შემთხვევას საკუთარი პრაქტიკიდან, მაგალითად, მას ჰყავდა პაციენტი ქალი, რომელიც ხან ერთი თვალით ტიროდა, ხან მეორით. მარჯვენა თვალიდან ცრემლი მაშინ სდიოდა, თუ გარდაცვლილ დედას იგონებდა, მარცხენიდან - თუ მამას იხსენებდა. სხვა საბაბით მას ტირილი არ შეეძლო და მხოლოდ რამდენიმე წლის თერაპიის შემდეგ შეისწავლა ორივე თვალით ტირილი. კოტლერი ცრემლებს ურთიერთობის უნივერსალურ საშუალებებს უწოდებს, რომელიც არავერბალურ დონეზე ემოციების გულწრფელად გამოხატვის შესაძლებლობებს იძლევა. ბოლოს იმასაც დასძენს, რომ ცრემლები ადამიანების მანიპულაციის ძლიერი საშუალებაა.

სოციოლოგიური გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ქალთა დაახლოებით ნახევარი ხშირად მიმართავს ცრემლებს, როგორც ბოლო არგუმენტს კამათში. მთავარია, ცრემლები ემოციურად დამაჯერებელი იყოს. თუ ორი მოკამათიდან უცებ ერთი ატირდება, გარშემო მყოფთა უმეტესობა სწორედ მას დაუჭერს მხარს, მისი თვალსაზრისის მიუხედავად.

სტატისტიკის მიხედვით, ქალები 5-ჯერ უფრო ხშირად ტირიან, ვიდრე მამაკაცები. რატომ სდით ქალებს უფრო მეტად ცრემლი? სქესობრივ მომწიფებამდე ჰორმონ პროლაქტინის რაოდენობა, რომელიც სარძევე და საცრემლე ჯირკვლების მოქმედებაზე აგებს პასუხს, ბიჭებსა და გოგონებს თანაბარი აქვთ, ამიტომ ისინი ხშირად და თავშეუკავებლად ღრიალებენ, ხოლო ასაკოვან ქალებს მისი დონე 60%-ით მეტი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ამიტომ ქალები უფრო ხშირად ტირიან.

ქალის ცრემლები მამაკაცის ცრემლებთან შედარებით ნახევარი გრადუსით თბილია, მსუბუქად და დაუბრკოლებლად მოედინება და თოვლის წყალივით გამჭვირვალეა. მათი წყალობით ქალები, მამაკაცებისაგან განსხვავებით, უფრო ადვილად იტანენ ცხოვრებისეულ უბედურებას და უფრო დღეგრძელებიც არიან.

ეს საინტერესოა
ცრემლებით ტირილს ადამიანი 5-12 წლის ასაკიდან იწყებს;
ძველი ბერძნები და რომაელები საფლავის ქვაზე ცრემლებისათვის სპეციალურ ღრმულს - ლაკრიმატორიას - აკეთებდნენ.

რისხვის ცრემლები ბრძოლის წინ რომაელი ლეგიონერებისთვის მამაცობის ნიშნად ითვლებოდა. მშიშარა სახეზე ფითრდებოდა, ხოლო თვალები მშრალი ჰქონდა.
ლყველაზე ხშირად საღამოს 19-სა და 22 საათებს შორის ტირიან და ერთი-ორი წუთის განმავლობაში დაახლოებით 50 კურცხალს ჩამოაგდებენ.

"მშრალი თვალის სინდრომი" ან საცრემლე ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა მძღოლების, ტელევიზორის მოტრფიალე მაყურებლის და კომპიუტერთან მომუშავე ადამიანების ავადმყოფობაა.

დაავადება ღრმავდება კონდიცირებული ჰაერისა და სურდოს წინააღმდეგ გამოყენებული სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებების გამოყენებისას. დროთა განმავლობაში ეს სინდრომი შეიძლება კონიუნქტივში ან რქოვანას წყლულში გადაიზარდოს. მას მკურნალობენ ხელოვნური ცრემლებით, წვეთებით, რომლებიც შემადგენლობით ადამიანის ცრემლების ანალოგიურია.
ლთაგვებს, რომლებსაც საცრემლე ჯირკვლები ამოაცალეს, ბეწვი დასცვივდათ და ჯანმრთელ ცხოველებთან შედარებით ჭრილობები უფრო დიდხანს არ შეუხორცდათ.

ნიანგები ნამდვილად ტირიან, მხოლოდ ნადავლის ჩაყლაპვისას, არა იმიტომ, რომ მსხვერპლი ებრალებათ, არამედ ამით საჭმლის მონელების პროცესს ეხმარებიან. ამიტომ გახდა მათი ცრემლები ფარისევლობის სიმბოლო.
მადლობთ ყურადღებისათვის ;)

2 комментария:

  1. vaa bevri saintereso informaciaa, ar vicodi niangebs tirili sachmlis monelebashi tu exmareboda.

    ОтветитьУдалить
  2. აი, გავიფიქრე ნიანგზე და პასუხიც მივიღე.
    საინტერესო იყო :)

    ОтветитьУдалить